ბიოგრაფია

აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წელს, 9 (21) ივნისს, ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში.
ამ სოფლის შესახებ აკაკი წერდა: „სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურის პირად, გაღმა-გამოღმა გორაკებზე“. ამ კეკლუც სოფელს დაჰყურებს მაღალ კლდეზე აგებული ძველი ციხე-მოდინახე, რომელიც აკაკის დახასიათებით, „ციხეთ-ციხე, ამაყი ციხეა“, მტრების წინააღმდეგ ქართველი ხალხის გმირული ბრძოლებისა და მრავალი მწარე დროების მოწამე.
აკაკის ძლიერ უყვარდა სოფელ სხვიტორის შუაგულში მიმდინარე გიჟმაჟი ხევის წყალი – ჩიხურა.
ცნობილ ნაწარმოებში „ჩემი თავგადასავალი“ პოეტი, როდესაც მამის სასახლეს, თავის ბავშვობას, მშობლიურ მიდამოებსა და იმდროინდელ ცხოვრებას აღწერს, აღნიშნავს:
„მიყვარს საზოგადოდ ბავშვი, უგულითადესად პატივსა ვცემ მოხუცებულობას, ღირსეულად ვაფასებ ვაჟკაცობას, მაგრამ გული კი ჭაბუკობისაკენ მიმიწევს და ყველაზე უფრო იმას შეფრქვევით ვეტრფიალები…
ალბათ, ამის მიზეზი უნდა იყოს, რომ წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას ვაძლევ.. ის იყო ჩემი საკუთარი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე.
სწორედ ამ ჩიხურის პირად, მაღლობზე, სდგას ორსართულიანი ქვითკირის სახლი. ამ უშნო შენობას სიმაღლე პატარა კოშკისა აქვს, სიგრძე – დარბაზისა და სისქე-ციხის, მაგრამ არც ერთ მათგანს კი არა ჰგავს!.. აი, ამ სახლში დავბადებულვარ მე 9 ივნისს, განთიადისას, 1840-ში, თუმცა ნათლობის მოწმობაში 1841 მიწერია“

No comments:

Post a Comment